logo
ENG



"ფულს საერთოდ არ ეხება" - კვიჟინაძე ოფშორების კანონზე

29 მაი 202418:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/29/dynfvns7pcauckf.jpeg

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე ამტკიცებს, რომ ოფშორების კანონი "ფულს საერთოდ არ ეხება". ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. 

"ეს ოფშორები არ არის ის ოფშორები, რომელიც იყო 30 წლის წინ. იგივე ჩვენმა მეგობრებმა, ამერიკამ, ევროპამ ძალიან შეავიწროვეს და ყველა ინფორმაციის მიღება შეიძლება ოფშორებიდან. თუ, მაგალითად ფინანსთა სამინისტრო შეკითხვას აგზავნის, მოდის ყველაფერი. კერძოდ, ვისი დაფუძნებულია, მინდობილობა ვის აქვს მიცემული, მის უკან ვინ დგას და ა.შ. ამიტომ აქ არაფერი მაგნაირი არ არის. რაც შეეხება ფულს, ფულს საერთოდ არ ეხება.

[...] გამჭვირვალობამ გამოაქვეყნა, რომ ასეთი არის 3200 კომპანია. ჩამოწერილიც აქვთ. შეგიძლიათ, მე რომ დრო არ დამაკარგვინოთ, ამოიღოთ, ღია ინფორმაციაა.  ამიტომ, აქ არანაირი პრობლემა არ არის. აქ საქმე ეხება იმას, რომ თუ ფიზიკურ პირს/პირებს კომპანია ოფშორში აქვთ და იქიდან საქართველოში კომპანიას ფლობენ, ეს ოფშორი აღარ უნდათ და საქართველოში უნდათ გადმოსვლა, ერთჯერადად ვპატიობთ გადმოსვლის მომენტს, მორჩა", - ამბობს კვიჟინაძე. 

ქართულმა ოცნებამ დღეს ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. კანონი მესამე მოსმენით, 73 ხმით 19 აპრილს მიიღეს, 3 მაისს კი პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნა, რომელიც 20 მაისს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე დაძლიეს. 

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გადაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში ის მიუთითებდა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია, არ შეიძლება დაჩქარებული წესით, განხილვის სათანადო დროის დათმობისა და საზოგადოების ჩართულობის ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე მიიღონ. ის ამბობს, რომ ფორმა, როგორც და როდესაც იქნა განხილული და მიღებული ეს კანონი, მიუღებელი და დაუშვებელია.

ასევე, მოტივირებულ შენიშვნებში ის აღნიშნავდა, რომ სამართლიან კრიტიკას იმსახურებს კანონის შინაარსი და ცვლილებებით იქმნება გაუმართლებელი არათანაბარი, დისკრიმინაციული გარემო. ის აცხადებდა, რომ ცვლილებებმა დარგის არაერთი ექსპერტის და სპეციალისტის სამართლიანი კრიტიკა დაიმსახურა. 

მოტივირებულ შენიშვნებში მას მოყვანილი ჰყავდა დარგის ექსპერტების შეფასება, რომლებიც ამბობენ, რომ ცვლილებები ეწინააღმდეგება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, რამე თუ გამჭვირვალობა და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირში ბიზნესის წარმოების სავალდებულო მოთხოვნაა.

***

პარლამენტმა ოფშორიდან აქტივების გადმომტანის დაბეგვრისგან გათავისუფლებაზე საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა.

კანონპროექტის თანახმად, უნდა ჩამოიწეროს ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი. 

ცვლილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორი) რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში საგადასახადო შეღავათები წესდება:

ა) აქტივების გადაცემის ოპერაციის ფარგლებში, ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და მისი მფლობელი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია მოგების და საშემოსავლო გადასახადისგან;

ბ) აქტივის ან საქონლის საქართველოში შემოტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან;

გ) საქართველოს საწარმო, რომელიც ოფშორიდან აქტივებს მიიღებს, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1 იანვრამდე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის მტკიცებით, კანონპროექტი, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ, ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ ქონებას არ ეხება, რასაც ოპოზიცია არ ეთანხმება. 

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის მიღება ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთანაა დაკავშირებული.

 

 


close დახურვა